8 ცნობილი ფილმი, რომლებიც ნაწილობრივ ანიმეს ზეგავლენითაა შექმნილი

იაპონური ანიმაცია, იგივე ანიმე, დიდი ხანია თანამედროვე კულტურაზე უდიდეს გავლენას ახდენს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იაპონიაში ჩამოყალიბებული ანიმაციის ფორმა გასაოცარი ამბების გასაოცარი მეთოდით თხრობას მოიცავდა და ქვეყნის გლობალური იმიჯის აღდგენას ემსახურებოდა. ამიტომ პერსონაჟებიც დასავლური ესთეტიკის გათვალისწინებით შექმნეს – ნათელი კანით და ფართო თვალებით. მანგას პიონერის ოსამუ ტეზუკას 50-60-იანი წლების შემოქმედებისა და უოლტ დისნეის მასობრივი პოპულარობის კომბინაციამ იაპონური ანიმაციის ცნობადობა და შემდგომი წარმატება განაპირობა. თანდათან ანიმე უფრო ექსპერიმენტული გზით განვითარდა: ისეთი კომპანიების წყალობით, როგორებიც იყვნენ: Toei Animation, Toho და Studio Ghibli, შემოვიდა ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ისტორიული ფიქცია და მსგავსი სერიოზული თემები.


ანიმე აღმოსავლეთის მიმართ დასავლური კულტურის საუკუნეობრივი ინტერესის  ახალ ობიექტად იქცა და კინოზე მან საკუთარი ძლიერი კვალი დატოვა. არამარტო დასავლური ანიმაცია, არამედ ანიმეს მხატვრული კინოც უნდა უმადლოდეს. ერთად გავიგოთ, კერძოდ რომელი ფილმების ინსპირაციად იქცა იაპონური ანიმაცია.

1. დასაწყისი


თითქოს ქრისტოფერ ნოლანისგან ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია ანიმესგან შთაგონება, მაგრამ ცნობილი რეჟისორის შემოქმედება, რომელიც თავდაპირველად ბრიტანული ინდი კინოდან დაიწყო, 2000-იანების პირველი დეკადიდან ეგზისტენციალურ რეალიზმზეა ფოკუსირებული. ეს ანიმესთვის უცხო თემა არაა. ანიმეებში – ევანგელიონის ფრენჩაიზი ან თუნდაც აკირა – ფანტასტიკურ-ფილოსოფიური საკითხები იკვეთება. ნოლანის წარმატებული პროექტი დასაწყისი 2006 წლის სატოში კონის პაპრიკას მსგავსად, სიზმრებისა და რეალობის მყიფე ზღვარზე გვაფიქრებს. დასაწყისის სცენარისტები არც მალავენ, რომ წერისას ანიმეს დიდ გავლენას განიცდიდნენ.

2. მატრიცა


გარკვეულწილად, 90-იანები ორიგინალური სამეცნიერო ფანტასტიკის დასასრული იყო, მაგრამ ახალი მილენიუმი ღირსეულად გახსნა მატრიცამ. ის ნამდვილი კულტურული გარღვევა აღმოჩნდა. გამორჩეული ვიზუალური ეფექტებითა და ფილოსოფიური თემებით დატვირთული მატრიცა ინსპირაციას ანიმეს – მოჩვენება ჯავშანში – უნდა უმადლოდეს. მასამუნე შიროუს მანგაზე დაფუძნებულ ამ ანიმეშიც, მატრიცას მსგავსად მოქმედება ერთმანეთთან კომპიუტერული ქსელით დაკავშირებული ადამიანების ტვინებში მინდინარეობს, რომელშიც ჰაკერებს რეალობის შეცვლის საშუალება აქვთ.

3. ფოლადის კაცი

2013 წელს გამოსული, ზაკ სნაიდერის ფოლადის კაცი სუპერმენის მორიგი ისტორიაა, რომელიც არა მხოლოდ რებუთს, არამედ DC-ის სამყაროს პირველ ფილმს წარმოადგენს. ფილმს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, თუმცა კინომოყვარულებმა აღნიშნეს, რომ სცენა, რომელშიც სუპერმენი კრიპტორიანელთა რასის წარმომადგენლებს უპირისპირდება, ანიმეს, სახელად დრაკონის მარგალიტი Z-ის სცენას ჰგავს, რომელშიც ზებუნებრივი ძალების მქონე პერსონაჟები ერთმანეთს ხელში მოხვედრილ ნებისმიერ საგანს უშენენ. ფილმის პრომოუშენის ფარგლებში იაპონიაში ჩასულმა სნაიდერმა აღიარა, რომ საერთოდ ანიმე მისი ინსპირაციის წყაროა და მისი შემოქმედება იაპონური ანიმაციის კლასიკური ნიმუშების დიდ გავლენას განიცდის.

4. წყნარი ოკეანის ტიტანები

მართალია წყნარი ოკეანის ტიტანების უზარმაზარი ურჩხულები დასავლური კულტურის, კერძოდ, ძველბერძნული მითოლოგიის კუთვნილებაა, გილიერმო დელ ტოროს ესთეტიკა ანიმესაც უნდა უმადლოდეს. ვიზუალურად ის მომავლის პოლიციისა და Tetsujin 28-go-ს დიდ გავლენას განიცდის.

5. ოცნების რექვიემი

დარენ არანოვსკის საკულტოდ ქცეული ფსიქოლოგიური დრამა ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდების შესახებ, შინაარსობრივადაც და ვიზუალურადაც გამორჩეულია. ფილმის ზოგიერთი მნიშვნელოვანი კადრი, რომელთა ავტორიც არანოვსკისთან ერთად კინემატოგრაფისტი მეთიუ ლიბატიკია, მართლაც გასაოცარია და მაყურებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ამ შესანიშნავ ვიზუალზე, და საერთოდ, არანოვსკის ხელოვნებაზე დიდი გავლენა აქვს ანიმეს, განსაკუთრებით კი სატოში კონის ჭეშმარიტ სევდას (Perfect Blue), რომელიც რეჟისორის კიდევ ერთ ცნობილი ფილმში, შავ გედშიც აისახა. არანოვსკიმ პირდაპირი პლაგიატის გარეშე, დახვეწილი შინაგანი გრძნობით გადმოიტანა აღნიშნული ანიმეს განწყობა და ფერები – ეს შესანიშნავად ჩანს ცნობილ კადრში, რომელშიც ჯენიფერ კონელის პერსონაჟი წყლით სავსე აბაზანაში ზის (მიმა კირიგოეს კადრი ანიმედან).

6. ავატარი

ჯეიმს კამერონის საეტაპო ფილმს ხშირად სხვა ამერიკულ ფილმებს, მაგალითად, მგლებთან მოცეკვავეგვიმრების ველი: უკანასკნელი ტროპიკული ტყე და პოკაჰონტასს ადარებენ, მაგრამ სინამდვილეში რეჟისორს არასდროს დაუმალავს, რომ შთაგონებას Studio Ghibli-ის ანიმეებიდან იღებს. ავატარი თავის შესანიშნავ ესთეტიკას და თემატიკას პრინცესა მონონოკეს უმადლის. ადამიანური პროგრესისა და ბუნების დაპირისპირება ორივე ნამუშევრის მთავარი თემაა.

7. მარყუჟი


რაიან ჯონსონის ეს „ფილმი-თავსატეხი“, რომლის მთავარი გმირი წარსულში მიემგზავრება, რათა საკუთარი ახალგაზრდა თავი მოკლას, პოპულარული ანიმეს აკირას გავლენას განიცდის. ეს თავად რეჟისორმა დაადასტურა, რომელიც ფილმის წარმატებას ძალიან თავმდაბლურად შეხვდა.

8. სკოტ პილიგრიმი მსოფლიოს წინააღმდეგ

ედგარ რაიტის ეს სურათი სხვებივით აშკარად არ გამოხატავს რეჟისორის ცნობილ სიყვარულს კომიქსების ჟანრისა და ანიმეს მიმართ, თუმცა მასში მაინც იგრძნობა იოშიჰირო ტოგაშის ცნობილი მანგას Yu Yu Hakusho-ს გავლენა, ისევე როგორც 80-იანი წლების ასტრო ბიჭუნას, რომლისგანაც ფილმმა გმირების ჩაცმულობა „ისესხა“.
AjinDemi
22 აგვისტო 2020 10:59
რუხა,
დამასწარი მეც ეგ უნდა დამეწერა 😁
რუხა
22 აგვისტო 2020 02:30
წყნარი ოკეანის ტიტანებს (Pacific rim) მე უფრო ევანგელიონის ვამსგავსებ და ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ეკრანიზაცია გამოუვიდათ ევანგელიონის
თან ის ორი ანიმე არც მაქ ნანახი😅