ინტერვიუ “ვანპანჩმენის” შემქმნელებთან

იუსუკე მურატა დინამიკური ხატვის სტილითა და კომპაქტური კამერისთვის დამახასიათებელი ხედვით გამოირჩევა. რამდენად რთული იყო მისი ნახატების ანიმეში გადმოტანა?
კუბოტა-სანი: მურატა სანი ძალიან გაწაფული და სიღრმისეული მხატვარია. ყველაზე რთული სწორედ მისი ნახატების ხარისხის დაცვა და ანიმეში ჰარმონიულად გადმოტანა იყო.
მოგვიყევით თქვენს დამოკიდებულებაზე ვანპანჩმენისადმი პროექტამდე და პროექტის შემდეგ…

ნაცუმე-სანი: სიმართლე გითხრათ, ამ ნამუშევარზე პროექტამდე არაფერი მსმენოდა. მხოლოდ შემოთავაზების მერე წავედი და გავეცანი მანგას, თუმცა, როგორც კი კითხვა დავასრულე, მივხვდი, რომ მისგან რაღაც ძალიან მაგარი გამოვიდოდა. ანიმაციაზე მუშაობა ნამდვილად ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის.
კუბოტა-სანი: მე ამ მანგაზე მსმენოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ დრო არ მქონდა და მხოლოდ გადავათვალიერე. მურატას შემოქმედებას მანამდეც ვიცნობდი და მისით მონუსხული ვიყავი. ჩემზე მანგის პირველივე თავმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ თავში ვანპანჩმენი უზარმაზარ, იასამნისფერ მონსტრს ხვდება. მახსოვს, როგორ გამაოგნა მონსტრის შესრულების ხარისხმა და ამავდროულად, მისი ანიმეში გადმოტანის გამო შიშიც ვიგრძენი.
კუბოტა-სანი
ფანების დაკვირვებით, კონკრეტულ ანიმაციაზე მომუშავე ჯგუფი კოლაბორაციას შემდგომ პროექტებშიც აგრძელებს ხოლმე. თქვენს შემთხვევაშიც ასე იქნება?

ნაცუმე-სანი: ანიმატორები მცირე ჯგუფს წარმოვადგენთ და ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ. პროექტზე მუშაობის დროს მთლიანად ვიხარჯებით, პროცესი გვაახლოებს და გვამეგობრებს, შესაბამისად, ერთმანეთს აღარ ვკარგავთ და მუდამ ხაზზე ვრჩებით. თითქმის ყველა ჩვენგანი ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ და ეს ყველაფერს კიდევ უფრო ამარტივებს.
კუბოტა-სანი: დავამატებდი, რომ ანიმე ერთ კონკრეტულ სტუდიაში არ იქმნება და ანიმეს მხატვრები სტუდიის საკუთრებას არ წარმოადგენენ. მათი უმეტესობა თავისუფალი ანიმატორია.
ერთხელ, ტვიტერში აღნიშნეთ, რომ ვანპანჩმენის ხარისხი არა ბიუჯეტის, არამედ ანიმატორების დიდი შრომის შედეგია.
კუბოტა-სანი: ბევრს ჰგონია, ხარისხი ბიუჯეტის დამსახურებით მიიღწევა. ეს ასე არაა, იაპონიაში ანიმე პროექტებისთვის ერთნაირი ბიუჯეტია გამოყოფილი. ძალიან იშვიათია, რომ ვინმეს მეტი ან ნაკლები თანხა მისცენ.
ნაცუმე-სანი: ჩვენ გაგვიმართლა და ძალიან მონდომებული, შემოქმედებითად შეპყრობილი ხალხი შეგვხვდა. ამ პროექტს ყველანი გულით მივუდექით და არა, როგორც შემოსავლის წყაროს. ვანპანჩმენი ამ ადამიანების თავგანწირვით შეიქმნა და ხარისხიც სწორედ მათი დამსახურებაა.
ნაცუმე-სანი
რა სირთულეებს წააწყდით საიტამაზე – ასეთ უჩვეულო პერსონაჟზე მუშაობისას?
ნაცუმე-სანი: საიტამას სახეზე მუშაობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მას მარტივი მიმიკა აქვს, შესაბამისად, ოდნავი შეცდომაც კი თვალშისაცემი ხდება. ანიმეში ყველაფერს სწრაფად აკეთებენ, ჩვენ ეს მიდგომა შევცვალეთ: მისი სახის ყოველ დეტალზე დიდი სიფრთხილით ვიმუშავეთ და დავამტკიცეთ, რომ ეს ყველაფერი დროის უაზროდ ფლანგვა სულაც არაა.
Pizevs
27 სექტემბერი 2020 14:45
გრძელდაბა ეს ანიმე?
სტუმარი Gio
15 სექტემბერი 2020 17:10
Opa ra magaria]
სტუმარი nika
25 აგვისტო 2020 03:20
bolos da bolos rodis gamova bliad