ანიმე დეპრესიისა და მენტალური პრობლემების წინააღმდეგ

ანიმეს ღირსებებზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება და სინემანიას ამ საკითხზე ხშირად გაუმახვილებია ყურადღება. იაპონური ანიმაციის მაღალესთეტიკური, დამაფიქრებელი, მორალური დილემებით სავსე ნიმუშები ნებისმიერი ასაკის მაყურებლის გულს იოლად იპყრობს.

მაგრამ ანიმე მხოლოდ გასართობი და ესთეტიკური სიამოვნების წყარო როდია – მას, როგორც მაღალი ხელოვნების ნებისმიერ შედევრს, ანგარიშგასაწევი თერაპიული თვისებები გააჩნია.

სწორედ ამის დასტურია ცნობილი გასართობი პორტალის, buzzfeed-ის ერთ-ერთი მომხმარებლის, ჟან-ლუკ ბუშარის ისტორია, რომელიც გადაწყვიტა, გულახდილად მოეთხრო, თუ როგორ დაეხმარა ანიმე დეპრესიასთან ბრძოლის რთულ გზაზე და მისი მეშვეობით როგორ გააკეთა მნიშვნელოვანი აღმოჩენა – რომ იგი მარტო არ იყო.

გადავწყვიტეთ, ჟან-ლუკ ბუშარის გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ. თავად გაეცანით მის წერილს აღნიშნულ თემაზე.
“დეპრესია ყოვლისმომცველია. ის არამარტო სერიოზული მენტალური დარღვევაა, არამედ მთლიანად იპყრობს ინდივიდის ცხოვრებას. მათ, ვისაც ეს გამოუცდიათ, იციან, რომ დეპრესიით დატანჯულ ადამიანს ცხოვრება მუქ ფერებში ეჩვენება.

შეიძლება შემაშინებლად ჟღერდეს, მაგრამ ეს მართლაც ასეა. ბავშვობისას, როცა აპათიითა და დეპრესიით შეპყრობილ პერსონაჟებს ვხედავდი, მათთან საერთოს გამონახვა მიჭირდა. ჰოლდენ კოლფილდი (“თამაში ჭვავის ყანაში”), ისტერ გრინვუდი (“ზარხუფი”) ან სულაც ექიმი გრეგორი ჰაუსი – ისინი სევდისა და შიშის რაღაც შეკავებულ ფორმას ატარებენ. მათი დეპრესია “ეგოისტური” და ნერვიულია, მაშინ როცა დეპრესიაში მყოფს მელანქოლიის მძიმე ლოდი აწევს გულზე და მისი ქმედებები (თუ ასეთი საერთოდ აქვს) ძირითადად ნიჰილისტურია.

შეიძლება სხვისი სევდისა და შიშების მხატვრული აღწერა იოლი იყოს, მაგრამ როცა საქმე ეხება საკუთარს, დიდი შანსია, მანამდე ნანახი და გაგებული ფორმები მასზე საუბრისას და ფიქრისას არაფრად გამოდგეს. სხვადასხვაგვარ დეპრესიაზე საუბარი პირადად მე კიდევ უფრო განცალკევებულად, იზოლირებულად, გარიყულად მაგრძნობინებდა თავს.

შემდეგ ანიმე აღმოვაჩინე.
ანიმეს ყურება 14 წლის ასაკში დავიწყე. თავდაპირველად მან მასშტაბური საუნდტრეკებითა და ძალადობის, სევდის რეალისტური გადმოცემით მომხიბლა. თუმცა ცოტა შემაშინა კიდეც – არა იმ მოქმედებების გამო, რასაც ეკრანზე ვხედავდი, არამედ მასზე ჩემი საკუთარი რეაქციების გამო. კონკრეტული გამოსახულებები, პერსონაჟები და ხმები ჩემზე განსაკუთრებული სიმძაფრით მოქმედებდა. ზოგჯერ ისეთ დიდ სევდას ვგრძნობდი, როგორსაც არასდროს. თითქოს რაღაცა ძალიან მსურდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა. ახლა ვიცი, რომ ჩემი რეაქციები პროვოცირებული იყო იმით, თუ როგორ ხატავს ანიმე მენტალურ დაავადებას და იმის გამო, რომ დეპრესია და ფსიქოლოგიური ტრავმა ხშირად ანიმეს ცენტრალური თემებია. ეს მე პოპულარულ ანიმე სერიალებში: ევანგელიონიWelcome to the N.H.K., მაგრამ განსაკუთრებით, ყველაზე ნიშანდობლივად ანიმე სერიალში – აგენტი პარანოია – აღმოვაჩინე.

ეს არის სულ 13-ეპიზოდიანი სერიალი, რომელშიც პერსონაჟების ფსიქიკური დარღვევები არამარტო მათ პერსპექტივას, არამედ სხვების რეალობასაც ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ სერიები განსხვავებული შინაარსისაა, თითოეულს ერთმანეთთან ამოუცნობი, გორგოლაჭებიანი და ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული ლილ სლაგერის ძალადობრივი შეტევები აერთიანებს. აგენტი პარანოია თვალნათლივ აღწერს მენტალურ ტრავმებს, მის სხვადასხვა გამოვლინებებს და საზოგადოების დამოკიდებულებას ამ ყველაფერთან.
მთავარი შეკითხვა, რასაც აგენტი პარანოია სვამს: სინამდვილეში არსებობს თუ არა ლილ სლაგერი თუ ის მის მსხვერპლთა წარმოსახვაა? – ეს დეპრესიის თანმდევი გაურკვევლობაა. აგენტი პარანოიას მსხვერპლებს შინაგან, ისევე როგორც სოციალურ ეჭვებთან უწევთ ბრძოლა. დეპრესიასთან ერთად ცხოვრება, პირადად ჩემთვის ყოველთვის იყო ჩემივე შეგრძნებების “ლეგიტიმაცია”. ორივე მტკივნეული და იზოლირებისკენ მიდრეკილი პროცესია.


ამ ანიმეს ჩემთვის თვითრწმენა არ მოუტანია, მაგრამ დამეხმარა საკუთარი დეპრესიის ამოცნობასა და კონსტრუირებაში. ეს კი მასთან ბრძოლის გზაზე გადადგმული დიდი ნაბიჯია. პერსონაჟების ტკივილს და ბრძოლას ადამიანი საკუთარ თავთან აიგივებს, ანიმე კი, როგორც მედიუმი, პერსონაჟების აღქმისთვის საუკეთესო საშუალებაა.

ერთ-ერთი პერსონაჟის მიერ შექმნილი არსება, სახელად საგი, მისი შიშებისა და მარტოობის განსხეულებაა. დეპრესიით შეპყრობილი ადამიანიც სხვადასხვა საშუალებით გამოხატავს საკუთარ ინტერესებს და უნარებს: წერით, კომედიით, მუსიკით… საკუთარ ჩაკეტილ ემოციებს ხორცშესხმა სჭირდება – ანიმე კი ამის არაერთ კარგ მაგალითს იძლევა. “ახალი სამყაროების” შექმნა ყოველდღიურად – ეს დეპრესიასთან გამკლავების ერთ-ერთი გზაა. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის დიდი რაღაც, რაც შენში ცხოვრობს, უმჯობესია რაღაცების კეთებას გაიძულებდეს, ვიდრე უმოქმედობას. ხსნის გარეთ ძებნას აზრი არ აქვს – ის შენ შიგნით უნდა მონახო.

მას შემდეგ, რაც აგენტი პარანოია ჩემს მეგობრად იქცა, მე სხვა უამრავი ანიმეც აღმოვაჩინე – ისევე, როგორც ამ თემასთან დაკავშირებული რომანები, კომიქსები და ესეები. ყოველი მათგანი სწორედ იმავე ხერხებით ხატავს და აღწერს დეპრესიას. ამის დარწმუნებით თქმა მას შემდეგ შემიძლია, რაც მრავალ თერაპევტთან მრავალი კურსი, ასევე რამდენიმე ტიპის მედიტაცია გავიარე. ამჟამად მე უკეთ ვარ – შეიძლება ამას ბედნიერება ვერ დავარქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანიმემ მომცა შანსი, აღმომეჩინა და აღმექვა საკუთარი დეპრესია, დამენახა, თუ როგორ გამოიყურება ის და რა შეიძლება მოვუხერხო მას.

მას შემდეგ, აგენტ პარანოიასთან დაბრუნება ან ისეთი ანიმეს ნახვა, რომელიც დეპრესიას მსგავსად აღწერს, ჩემთვის გარკვეული მინითერაპიის სეანსია. შეიძლება ადამიანების ასეთი მიჯაჭვულობა საყვარელი და ზოგადად, ანიმეს მიმართ, სწორედ იმით აიხსნება, რომ ისინი ამ სამყაროში თავიანთი მძიმე და გამოუთქმელი პრობლემების განსახიერებას ხედავენ.
თეგები:
sasss
21 აგვისტო 2020 21:01
au exla ar movkvdeeeee